logo
ENG



"ჩაკეტე საზღვარი!" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

07 ოქტ 202220:38
3 წუთის საკითხავი
 

"ჩაკეტე საზღვარი!" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მყოფი მოქალაქეები აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში გაკონტროლდეს და ასევე დაწესდეს სავიზო რეჟიმი.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა და ასევე სავიზო რეჟიმის შემოტანა, რომ აქ შემოსულ რუსებს არ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დიდი ხნით შეძლონ ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნა. ისინი არიან ოკუპანტები, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული," - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რუსების უკონტროლო შემოდინება საფრთხის შემცველია. ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის დაუყოვნებლივი დახურვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისი კი უნდა დაიშვას ეთნიკური ქართველებისთვის, კავკასიელებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის. ორგანიზატორები მოითხოვენ აიკრძალოს ბინადრობის მოწმობის გაცემა და ბიზნესის რეგისტრაცია.

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დაუწესდებათ ვიზები, რის შემდეგაც ისინი ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსვლას ვეღარ შეძლებენ.

დღევანდელი შეკრება ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ.


close დახურვა